Skip navigation

წაკითხულის გააზრება

ჰერმენევტიკა და მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაცია

„...ჰერმენევტიკა ზოგადად არის გარკვეული საზრისის შემცველი მოცემულობების განმარტება-გაგების ხელოვნება, ხოლო კონკრეტულად - ტექსტის განმარტება-გაგების ხელოვნებაა. შესაბამისად, განმარტება-გაგება ერთ დიალექტიკურ მთლიანობას ქმნის, რის საფუძველზეც წარმოიქმნება ე.წ. ჰერმენევტიკული წრე, ანუ ჰერმენევტიკული სპირალი, რომლის უსასრულოდ გაფართოება იმთავითვეა დაშვებული: ე.ი. როდესაც განმარტებისა და გაგების შედეგად რაიმე ხდება გაგებული, ამის შემდგომ გაგებული საფუძვლად ედება განმარტება-გაგების შემდგომ პროცესს და ასე დაუსრულებლად, ვიდრე არ მოხდება ტექსტის შინაგანი დაფარული პირველსაზრისის (შინაგანი ლოგოსის) საბოლოო წვდომა.

აქედან გამომდინარე, ჰერმენევტიკა, როგორც ტექსტების განმარტება-გაგების ხელოვნება და მეცნიერება, შეიმუშავებს განმარტება-გაგების უნივერსალურ მეთოდებს, რომლებიც ნებისმიერი ტიპის ტექსტის, და მათ შორის მხატვრული ტექსტის, ინტერპრეტაციის ამოცანებს გადაწყვეტდა...

შლაიერმახერის მიხედვით, ავტორი... ტექსტის შექმნის პროცესში ოპერირებს ენობრივი სისტემის მიერ შემოთავაზებული საერთო, ზოგადი სტრუქტურებით, რაც ვლინდება ენის სემანტიკურ, სინტაგმატურ და პრაგმატულ დონეებზე. ტექსტის გრამატიკულმა ინტერპრეტაციამ ტექსტში ენის სწორედ ეს კანონზომიერებანი უნდა დაადგინოს. ამ დიმენსიათა (განზომილებათა) ბადეში ყალიბდება ტექსტის გარეგანი ლოგოსი, ანუ ტექსტის ობიექტური საზრისი, პირდაპირი აზრი.

მაგრამ ავტორი, როგორც ინდივიდუალური არსი, ამავდროულად ცდილობს ტექსტის შექმნის პროცესში ენობრივი სტრუქტურების ისე გამოყენებას, სადაც გამოჩნდება მისი შემოქმედებითი ინდივიდუალობა, რაც ვლინდება ავტორის მსოფლხედვაში, სტილსა და სახისმეტყველებაში. ტექსტის ქმნის პროცესში ავტორი გარდაისახება, ანუ თავის თავს ავლენს კონკრეტულ ისტორიულ რეალობაში, რის შედეგადაც ის ქმნის კონკრეტული საზრისის (შინაგანი ლოგოსი) შემცველ ტექსტს. ამიტომაც სწორედ ავტორისეული ინდივიდუალობაა ტექსტში შინაგანი ლოგოსის, ანუ ტექსტის დაფარული საზრისის წარმოქმნის წინაპირობა. ფსიქოლოგიური, ანუ ტექნიკური ინტერპრეტაციის მიზანიც სწორედ ტექსტში ამ ავტორისეული ინდივიდუალობის, მისი ტროპული მეტყველების დადგენაა; ანუ, ტექნიკურ-ფსიქოლოგიური ინტერპრეტაციის მიზანია ტექსტის შინაგანი ლოგოსის, ტექსტის დაფარული საზრისის წვდომა, რომელიც ტექსტის პირდაპირი აზრის მიღმაა მოცემული. ხოლო ჰერმენევტიკულ პროცესში ტექსტის ინტერპრეტაციის ეს ორი სახეობა a priori ერთდროულად ხორციელდება, ისინი დიალექტიკურ მთლიანობას ქმნიან და ურთიერთგამომდინარეობენ... ტექსტის ტექნიკურ-ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია ეს იგივე ალეგორიული ინტერპრეტაციაა.

ფრ. შლაიერმახერის მიხედვით ტექსტის გრამატიკული ინტერპრეტაცია ეფუძნება კომპარატიულ (შედარებით) მეთოდს, რომელიც ტექსტის ცალკეული ნაწილების - გრამატიკულ-ლექსიკური ერთეულების - ურთიერთთან შედარების საფუძველზე ადგენს ტექსტის ზედაპირულ შინაარსს, პირდაპირ აზრს, ტექსტის ფაბულარულ ხაზს. ტექსტის ეს ზედაპირული შინაარსი არის ენობრივის სისტემის გამოვლინება: „ტექსტის მოცემულ კონკრეტულ ადგილზე ყოველი ცალკეული სიტყვის საზრისი უნდა განისაზღვროს იმ სხვა სიტყვებთან თანაარსებობის მიხედვით, რომლებიც მას გარემოიცავენ...

ტექნიკურ-ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია იყენებს დივინატორულ (divination - ამოცნობა) მეთოდს, რაც გულისხმობს ტექსტის აგებულებაში „თავის თავის ჩასმას", ტექსტის ზოგად მიმოხილვას, ანუ იმ შემეცნებულის ამოცნობას, რომელიც ჩადებულია ტექსტის მთლიანი კომპოზიციის ბირთვში. ამ შემთხვევაში ხდება ტექსტის ცენტრალური საზრისის, პირველსაზრისის ინტუიტიური წვდომა, რაც ინტერპრეტაციის პირველი ეტაპისთვისაა დამახასიათებელი. კომპარატიული და დივინატორული მეთოდები ტექსტის ინტერპრეტაციის პროცესში ურთიერთგამომდინარეობენ და სინთეზურ მთლიანობას ქმნიან: „მთელი ამ საქმიანობის (ე.ი. ტექსტის ინტერპრეტაციის) დასაწყისშივე მოცემულია ორი მეთოდი, დივინატორული და კომპარატიული, რომლებიც, ვინაიდან ისინი ურთიერთზე არიან მიმართული, ერთმანეთისაგან არ უნდა განვაცალკევოთ. დივინატორული მეთოდი იმთავითვე სხვად გარდასახვის საფუძველზე ცდილობს ინდივიდუალურის უშუალოდ წვდომას. კომპარატიული მეთოდი განსაზღვრავს ზოგად მოცემულობას როგორც გაგების საგანს და შემდეგ ამ ზოგადი მოცემულობიდან გამომდინარე მოიძიებს ცალკეულ მოცემულობებს, რომელთაც ადგენს სხვა ცალკეული მოცემულობების ურთიერთთან შედარების საფუძველზე".

კონსტანტინე ბრეგაძე (III საერთ. სიმპ. - ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები - მასალები, თბილისი, 2010)