მომავლისკენ მიმავალი ცალხელა კაცი
"რა ჭირს ადამიანს? რა შეაყოლა ღმერთმა ტალახს ამისთანა მოურჩენელი?" არავინ უწყის, რამდენი უძილო ღამე გაატარა კაცობრიობამ ამ კითხვის პასუხის ძებნაში. ...ტრაგიკულობა ადამიანის ბუნების შინაგანი თვისებაა. აბა, დააკვირდით, ადამიანს ეუბნებიან: არა კაც კლაო და მაინც კლავს. არ იქურდოო და მაინც ქურდობს. არ იმრუშოო და მაინც მრუშობს.
მას მერე, რაც ეს სიტყვები ითქვა, ადამიანმა ხუთი სოციალური ფორმაცია გაიარა, ურმიდან კოსმოსურ ხომალდამდე მივიდა, ბრძნული წიგნების მთები დადგა, მაგრამ ათ მცნებაში მოცემული მანკიერებიდან ვერც ერთი ვერ მოიცილა. ოთარ ჭილაძე, ერთი შეხედვით, ამ უცნაური მოვლენის ზუსტ პასუხს იძლევა. "ათი მცნება ხომ სხვა არაფერია, თუ არა ათი ძირითადი ადამიანური თვისების აღმოჩენა, ხოლო ადამიანობა - ამ ათი, ერთმანეთზე ძლიერი და ერთმანეთზე ძნელად მოსარევი თვისების დათრგუნვისა თუ მიჩქმალვის ცდაა". მაშასადამე, ათი მცნებით დაგმობილი მანკიერებანი მანამდე იარსებებენ, სანამ ადამიანი იქნება, რამეთუ ადამიანი საკუთარ თვისებას ვერსად გაექცევა. ოღონდ აქ პრობლემა დგას - ეს მანკიერებანი უნდა დაითრგუნოს თუ უნდა მიიჩქმალოს? ესეც ადამიანზეა დამოკიდებული. ერთს შეუძლია, ისინი დათრგუნოს, მეორეს - მიჩქმალოს. ის, ვინც თრგუნავს, სულიერ თავისუფლებას აღწევს. ის ვინც ჩქმალავს, სულიერი მონობის მსხვერპლია. ამის ნათელი ნიმუში ალექსანდრე მაკაბელის ცხოვრებაა. როგორც კი ალექსანდრემ მანკიერებანი (კერძოდ, სიძულვილი) დათრგუნა, ციმბირს გაემგზავრა ძმის სანახავად. მართალია, ძმას ცოცხალს ვეღარ მიუსწრო, მაგრამ ობლად დარჩენილი ძმისწული გადაარჩინა.
სიძულვილით შეპყრობილ ადამიანთა საზოგადოებაში იბადება სიყვარული. სიყვარულიც ადამიანთა თვისებაა და მანამდე იარსებებს, სანამ ადამიანი იქნება. ანას შვილისადმი სიყვარული ფანატიზმამდე აღწევს. ამის დასტური მარტო გიორგას სისხლიანი პერანგის ტარება არ არის. ამის საბუთია ირემიც, რომელიც ანას დასაფლავების დღეს სოფელში შემოვიდა. `ეგ გიორგას სულია, დედას მოაკითხა, - თქვა ზოსიმე მღვდელმა".
როცა ბაბუცა მიიცვალა, ციმბირიდან ნიკოს წერილი მოვიდა. ერთადერთი წინადადება იყო ბარათში - "დედაჩემს რა მოუვიდა?" ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით იგრძნო შვილის გულმა თავსდამტყდარი უბედურება.
აღორძინებულმა სიყვარულმა მისცა ძალა ალექსანდრეს, ძმის სანახავად წასულიყო, გადაელახა ციმბირის უკიდეგანო მიწა-წყალი, ობოლი ძმისწული ეპოვნა და შინ დაებრუნებინა.
მხოლოდ სიყვარულს შეეძლო, გადაერჩინა ტლანქი ვნებით გადათელილი, დაკნინებული და დადამბლავებული ანეტა. გზის ინჟინრის მიტოს სიყვარული აძლევს ანეტას არსებობის იმედსა და საშუალებას.
განსაკუთრებით საინტერესოდ მიმაჩნია ანასა და ექიმ ჯანდიერის უთქმელი სიყვარული. ორჯერ აკოცეს ანას ხელზე. პირველად ქმარმა, გიორგას მამამ, რომელთანაც ცხოვრების უღლის გაწევა ანას ბედმა არ არგუნა. მეორედ ექიმმა ჯანდიერმა. თავდაპირველად ანა ვერ მიხვდა, რა მოუვიდა. მოგვიანებით ქალური გუმანით ამოიცნო, რომ ამ კოცნაში იყო `რაღაც ფარული გრძნობა, ძნელად გამოსახატავი". მერე სახლში შერბის. `მაგიდაზე დასორსოლებული პურის გული გდია. აშკარად ატყვია იმის თითების ანაბეჭდები. ანა დაუფიქრებლად, გაუაზრებლად იღებს პურის დასორსოლებულ გულს და ჭამს". ასე იქცევა სიყვარული არსობის პურად. ცხოვრება გაძლებაა და ამისი ენერგია უნდა ჰქონდეს ადამიანს. ამ საარსებო ენერგიას ანიჭებს ანას ჯანდიერის სიყვარული. უკანასკნელი შეხვედრისას, უკვე სიკვდილის გზაზე დამდგარი ანა ეუბნება ჯანდიერს: "შენი თითებით დასორსოლებული პური რომ შევჭამე, იმან გამაძლებინა აქამდე".
ასე არსებობს რომანში ერთმანეთის გვერდიგვერდ დიდი სიყვარული და დიდი სიძულვილი, დიდი მწუხარება და დიდი სიხარული.
ალბათ, ყველა, ვისაც წაუკითხავს რომანი, დამეთანხმება, რომ რარიგ ტრაგიკულ ამბავსაც უნდა აღწერდეს ავტორი, მკითხველს ერთი წამითაც არ ტოვებს მხნეობისა და იმედის შეგრძნება, ადამიანის შინაგანი ძალის რწმენა. როცა ჭორებით და მომხდარი ამბებით შეძრწუნებული ურუქელები განკითხვის დღეს მოელიან, ზოსიმე მღვდელი იის კონით დადის. "აი ია, - თქვა ზოსიმე მღვდელმა, - აქედან იწყება ადამიანი".
გიორგა - ალექსანდრე - ნიკო - მიტო სხვადასხვა ტოტია ერთი სიკეთის ხისა. ამ ხის ფესვი ანაა. ანამ შთააგონა ალექსანდრეს, ციმბირში წადი და ძმა ნახეო: "თუ გინდა, რომ მოისვენო, ძმას ჩააკითხე". ეს არ იყო ძმის უბრალო მონახულება. ამ საქციელით დაბრუნდა მაკაბელთა ოჯახში სიკეთე, სიყვარული და იმედი. მეორეც, რომანში იმედის, მხნეობის ალეგორიული ხილვა ქალის სახით ხდება ყოველთვის.
რომანში ყოველთვის რეალურად არსებული გეოგრაფიული პუნქტებია დასახელებული - წნორი, ბოდბისხევი, თელავი. მხოლოდ იმ სოფელს ჰქვია გამოგონებული სახელი, სადაც მოქმედება მიმდინარეობს. უფრო სწორად, არა გამოგონებული, არამედ ძველი შუამდინარეთის, შუმერული ქალაქის სახელი - ურუქი. ცხადია, ეს შემთხვევითი არაა. ურუქიდან იყო გილგამეში, პირველი კაცი, რომელმაც ყველაფერი იხილა. ასოციაციით გავიხსენოთ გილგამეშის მეგობარი ენკიდუც. ენკიდუს ბედი მთელი კაცობრიობის ბედია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ენკიდუ სწორედ მაშინ გახდა ადამიანი, როცა ქალთან იცხოვრა, როცა ქალი შეიცნო. ახლა გავიხსენოთ, რომ ო. ჭილაძის რომანში ქალია სიცოცხლის სიმბოლო და ნათელი გახდება, რა მჭიდრო კავშირია შუმერული ეპოსის ურუქსა და ქართული რომანის ურუქს შორის.
აკაკი ბაქრაძე, თბ., მერანი, 1976, გვ. 77.