Skip navigation

წაკითხულის გააზრება

 

წაიკითხეთ ტექსტი ბოლომდე. კითხვებზე პასუხების გაცემა მაშინ დაიწყეთ, როდესაც სტატიის შინაარსი მთლიანად გასაგები იქნება. მოცემული სამ-სამი პასუხიდან მონიშნეთ სწორი. თითო სწორი პასუხი თითოქულიანია. ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 12.

 

რუსთაველი და მისი პოემა

„ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის ისტორია (ნაწყვეტი)

„ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის ცალკეული ფრაგმენტები მხოლოდ XV საუკუნიდან მოგვეპოვება. ისინი, როგორც ჩანს, პოემის ზეპირ ჩანაწერებს წარმოადგენს. მაგალითად, სამხრეთ საქართველოში (მესხეთში)... კლდეში გამოკვეთილ გამოქვაბულში (ვანის ქვაბთა კომპლექსი) აღმოჩნდა ერთი ამგვარი ფრაგმენტი. იგი წარმოადგენს ორ სტროფს „ვეფხისტყაოსნის“ გმირის ნესტანის წერილიდან (სტრ. 1300, 1301) მტრის გამუდმებულ შემოსევათა გამო ვანის ქვაბები, ალბათ, ამ ხანებში სახიზრებად იყო ქცეული. სწორედ ნესტანის სიტყვები: „ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან“ - მოჰგონებია და კედელზე მიუწერია ქვებებში შეფარებულ პოეტ ქალს ანა რჩეულიშვილს. რამდენიმე ნაწყვეტი, ასევე XV-XVI საუკუნეებში შესრულებული, მიწერილია ძველ ხელნაწერთა არეებზეც, მაგრამ მათი რაოდენობა ძალზე მცირეა.

„ვეფხისტყაოსნის“ ამჟამად არსებული ხელნაწერები კიდევ უფრო გვიანდელ ხანას ეკუთვნიან. შედარებით ძველი ხელნაწერები დაიღუპა XIII-XVI საუკუნეებში, როცა აყვავებული ქვეყანა ნანგრევებად და ნასოფლარებად გადაიქცა. ხვარაზმელთა შაჰის, სისასტიკით ცნობილი ჯალალედინის შემოსევების შემდეგ (1225-1230წწ.) ქვეყანა წელში ვერ გაიმართა. ხვარაზმელებს მონღოლთა ბატონობა მოჰყვა... გასაგებია, რომ ამ ხანებში ლიტერატურული შემოქმედებისათვის არავის ეცალა, ყოველ შემთხვევაში, ამ ხანიდან ჩვენამდე რაიმე მნიშვნელოვანს არ მოუღწევია. განადგურდა და დაიკარგა კლასიკური ხანის უამრავი ძეგლი, რომელთა არსებობაზე ჩვენ დოკუმენტური ცნობები მოგვეპოვება. დაიღუპა „ვეფხისტყაოსნის“ ძვირფასი ხელნაწერებიც, რომელთა რიცხვი, რუსთაველის პოემის პოპულარობას თუ გავითვალისწინებთ, თავის დროზე არცთუ მცირე იქნებოდა. ბევრი ხელნაწერი დაიკარგა შემდეგაც, ახალ საუკუნეებში, სამშობლოდან იძულებით გადახვეწილ ქართველებს, როგორც ძვირფასი რელიქვია, თან მიჰქონდათ პოემის ხელნაწერები. თითქმის რამდენიმე ათასი ქართველი, მეტწილად მაღალი წრის, ოჯახებიდან, წავიდა ემიგრაციაში შორეულ რუსეთში (კერძოდ XVII-XVIII საუკუნეებში) და, საგულვებელია, რომ ამ დროს ბევრი ხელნაწერი წაიღეს თან (მართლაც, რამდენიმე მათგანის კვალი შემდეგში აღმოჩნდა და ჩამოტანილ იქნა საქართველოში). თვით XIX საუკუნეშიც არსებულა რამდენიმე საკმაოდ ძველი ხელნაწერი, რომლებიც დღეს დაკარგულად ითვლებიან. ისინი უნახავს ისტორიკოს პლატონ იოსელიანს. ერთი მათგანი უთარიღო, მაგრამ აშკარად ძველი, ეტრატზე ყოფილა ნაწერი, ხოლო მეორე XV საუკუნეში (1443 წ.) ყოფილა შესრულებული. ჩვენთვის უცნობია, თუ რა ბედი ეწია შემდეგ ამ ხელნაწერებს.

თარიღიან ხელნაწერთა შორის უძველესია სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის კარზე შესრულებული ნუსხა (ხელნაწერთა ინსტიტუტი H-599), რომელიც გადაუწერია ცნობილ პოეტსა და კალიგრაფს მამუკა თავაქარაშვილს. ხელნაწერის თარიღია 1646 წელი. პალეოგრაფიული და რედაქციული მონაცემებიდან ჩანს, რომ ამ ხელნაწერს დროის მიხედვით წინ უსწრებს რამდენიმე ხელნაწერი. მაგალითად, უფრო ადრეული ჩანს ფრაგმენტი (სულ რამდენიმე გვერდი), რომელიც ახლახან აღმოჩნდა ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (მესხეთი), ასევე XVI-XVIII საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს გადაწერილი რამდენიმე სხვა ხელნაწერიც (მაგალითად, იმავე ინსტიტუტის H-2074, A-363 და სხვ.)

„ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ძვირფასი ხელნაწერი ამჟამადაც საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება. მაგალითად, ორი ხელნაწერი - ერთი XVII, ხოლო მეორე XVIII საუკუნისა - მოთავსებულია ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპისეულ კოლექციაში, ხოლო ერთიც - 1702 წელს გადაწერილი, ინახება პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში.

ხელნაწერთა საცავებში თუ კერძო ოჯახებში ამჟამად გამოვლენილია 150-ზე მეტი ნუსხა. ერთი შეხედვით ეს არცთუ ისე მცირე მემკვიდრეობაა, მაგრამ, როგორც შესწავლამ გამოარკვია, აქედან მხოლოდ 47 ხელნაწერია მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი, დანარჩენი ნუსხები გვიანდელია და პირველი ბეჭდური გამოცემებიდან მომდინარეობენ. ამდენად, მათი ღირებულებაც ტექსტის დადგენისათვის ძალზე საეჭვოა.

პოემის შედგენილობის თვალსაზრისით ხელნაწერებში (იგულისხმება XVII-XVIII საუკუნეების ნუსხები) რთული ვითარებაა. აშკარად შეიმჩნევა დამატებათა სხვადასხვა პლასტი. პოემაში შეუტანიათ ინტერპოლაციები (სხვადასხვა ხელნაწერში სხვადასხვა რაოდენობით), მაგრამ გადამწერლები ამაზე არ შეჩერებულან. პოემას ერთვის გაგრძელებათა მთელი ციკლები. ჩანართია, ან, ყოველ შემთხვევაში, რესტავრირებული ჩანს პოემის ის ეპიზოდი, რომელშიც „ვეფხისტყაოსნის“ გმირთა ინდოეთში დაბრუნება და ინდოეთის ხატაელთაგან განთავისუფლებაა გადმოცემული. ამ ეპიზოდს „ინდოხატაელთა ამბავი“ ეწოდება. პოემის მოყვარულთ (რომელთა შორის გადამწერლებიც უნდა ვიგულისხმოთ) გაუგრძელებიათ „ვეფხისტყაოსანში“ გადმოცემული ამბები, შემოუტანიათ ახალ-ახალი ეპიზოდები, როგორიცაა, მაგალითად, ტარიელის დასნეულება და ხვარაზმელთა შურისძიება (გავიხსენოთ ძირითადი ტექსტიდან ტარიელის მიერ ხვარაზმელი სასიძოს მოკვლა და ა. შ.), ტარიელს მოეშველებიან მეგობარ-ძმადნაფიცები და სასტიკად დაამარცხებენ ხვარაზმელებს. შემდეგ გადმოცემულია გმირთა გარდაცვალებაც და მათი ანდერძები (ზოგ ხელნაწერში ორმაგად და სამმაგად არის გაზრდილი გამოთხოვების ეპიზოდები). აღსანიშნავია, რომ ამ ხანებში „ვეფხისტყაოსნის“ გაგრძელებათაგან დამოუკიდებელი თხზულებაც შეუდგენიათ („ომანიანი“)...

„ვეფხისტყაოსნის“ ბეჭდური გამოცემა განხორციელდა 250 წლის წინათ. სწავლულმა მეფემ ვახტანგ მეექვსემ მის მიერვე დაარსებულ პირველ ქართულ სტამბაში 1712 წელს დაბეჭდა შოთა რუსთაველის პოემა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო სტამბაში დაბეჭდილი პირველი საერო ხასიათის წიგნი (მანამდე გამოიცა სახარება, დავითნი და სხვა სასულიერო დანიშნულების წიგნები). ვახტანგს უმთავრესად ორი მიზანი ამოქმედებდა. მან უარყო „ვეფხისტყაოსნის“ გადამწერლების მიერ შემუშავებული მეთოდი, რაც პოემის განვრცობაში გამოიხატებოდა. ამ წიგნის გამოცემით - აღნიშნავდა ვახტანგი - „გაცუდდეს ყოველნი მჩმახელნი“. ამასთან ვახტანგმა მიზნად დაისახა პოემის იდეური შინაარსის განმარტება. მისი აზრით იგი მორალისტური ხასიათის ნაწარმოებია და მასში საღვთო მიჯნურობაა გამოხატული. ვახტანგი ამ განმარტებით „ვეფხისტყაოსანს“ იცავდა კლერიკალთა თავდასხმისაგან. მან გამოცემას დაურთო ლექსიკონის ტიპის კომენტარები, რითაც საფუძველი ჩაუყარა „ვეფხისტყაოსნის“ მეცნიერულ კვლევას“.

ნოდარ ნათაძე, სარგის ცაიშვილი, ქართული ენა და ლიტერატურა,

მასწავლებლის ბიბლიოთეკა, სსიპ გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2009გვ. 196-198.