ყურადღებით გაეცანით ამონარიდს სტატიიდან. კითხვებზე პასუხების გაცემა დაიწყეთ მაშინ, როდესაც ტექსტის შინაარსი მთლიანად გასაგები იქნება. მოცემული სამ-სამი პასუხიდან აირჩიეთ მხოლოდ ერთი. დავალების შესასრულებლად და პასუხების შესამოწმებლად
გეძლევათ 20 წუთი. დავალებები თითოქულიანია.
მაქსიმალური ქულაა 14. |
იაკობ ხუცესის `შუშანიკის წამება~
1. `მკვლევართ მიაჩნიათ, რომ შუშანიკის პიროვნების არასახარბიელო თვსებებმა გამოჟონა სიტყვაძუნწი იაკობის თხრობაში. ისიც ითქვა, რომ ჯოჯიკის უდანაშაულო ცოლისათვის ჭიქის შელეწვა შეუფერებელია წმინდანისათვის.
2. ტექსტისთვის თვალის გადევნება სხვა ვითარებას წარმოაჩენს. ვარსქენმა შუშანიკს ჯოჯიკისა და მისი ცოლის პირით შეუთვალა: `უკუეთუ არა, თრევით მოგათრიო~. ისინი `მრავალსა დასაჯერებელსა სუტყუასა ეტყოდეს~ შუშანიკს. `მეგონა მე, ვითარმედ იგი ჩემდა მოვაქციო და ღმერთი ჭეშმარიტი აღიაროს, და აწ მე მაიძულებთ ამის ყოფად? ნუ იყოფინ ესე ჩემდა! და შენ, ჯოჯიკ, არღარა ჩემი მაზლი ხარ, და არცაღა მე შენი ძმის ცოლი, არცა ცოლი შენი დაჲ ჩემი არს, რომელნი მის კერძო და მისთა საქმეთა თანაზიარ ხართ~,
- მიუგებს მათ შუშანიკი. მას მიაჩნია, რომ აიძულებენ და ვერსქენის საქმეთა თანაზიარად მიიჩნევს მოგზავნილთ.
3. შემდეგ ტექსტში ვკითხულობთ: `და ვითარცა ფრიად აურვებდეს მას...~,
`და ვითარცა მეტად აიძულეს და ძლით წარიყვანეს ტაძრად...~
ამას მოსდევს: `ხოლო ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა~. იაკობ ხუცესს ქართული არ უჭირს, ენის სტიქიაში ლაღად გრძნობს თავს. მცირე მონაკვეთის მანძილზე რემდენჯერმე განმეორებულ `იძულებაზე~, როგორც ჩანს, იგი ყურადღებას განზრახ ამახვილებს. შუშანიკი დაჰყვა მათ ნებას და სასახლეში დაბრუნდა. `მამათა და დედათა~ პურის ჭამის წესის დარღვევამ შუშანიკისათვის კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ ვარსქენი ძალ-ღონეს არ ზოგავდა მის დასაბრუნებლად. და მან უარი თქვა ერთად პურის ჭამაზე, `განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია~.
4. ისიც გავიხსენოთ, რომ `წამების~ დასასრულს ჯოჯიკი `პირველთა მათ უწესოთა საქმეთა აღუარებდა და ევედრებოდა წმიდასა შუშანიკს~. არადა, ჯოჯიკმა `ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ხელთაგან ვარსქენს შიშანიკი, ვარსქენმა `გუემა იგიცა~, ჯოჯიკი ჩორს მიმავალს წამოეწია და სთხოვა `საკრველთა მათგან განტევებაჲ მისი~,
`ფრიად აწყინა~ კიდეც ვარსქენს. `პირველნი იგი უწესონი საქმენი~ უთუოდ უნდა გულისხმობდეს შუშანიკის დაყაბულებას სასახლეში გადასვლაზე.
5. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ შუა საუკუნეთა მწერლობაში სივრცე ეთიკურ კატეგორიად აღიქმება. ერთმანეთს უპირისპირდება ზეციური და მიწიერი გარემო. წმინდანი ცათა სასუფევლისაკენ მიისწრაფვის, უწმინდური გარემოდან გასვლას ცდილობს. ამიტომ იგი ეძიებს `წმინდა მიწას~, სივრცულ გარემოში მისი გადაადგილება არის წმინდა ადგილთა `მოხილვა~,
`მიმოსვლა~, ან უწმინდური ადგილიდან განდგომა, უდაბნოში, მონასტერში, სენაკში დაყუდება, ლოცვათაგან განწმენდილ საკუთარ სივრცულ გარემოში შემოზღუდვა. საგულისხმოა, რომ შუშანიკის სივრცული გარემოა ეკლესია, `სახლაკი ერთი მცირე~,
`სენაკი მცირე~. განსხვავებულია ვარსქენის სივრცული გარემო. სივრცის შუასაუკუნეებრივი აღქმა რომ ნიშანდობლივია იაკობ ხუცესისათვის, ეს ვლინდება `განბორებული დედაკაცის~ განკურნების ეპიზოდშიც. შუშანიკმა მას ურჩია: `მივედ იერუსალჱმდ და განსწმიდნე განბორებისა მაგისგან შენისა~. ნაწარმოებში ვარსქენის ნათქვამი _
`შენი ადგილი დაგიტევებიეს~ და `მოვედ ადგილსა თჳსსა~ _
მეუღლის კანონიერ მოთხოვნასთან ერთად გარკვეული ქვეტექსტის შემცველია.
6. კატეგორიულია ვარსქენისა და მისი შუამავლებისადმი მიმართული ყოველი ფრაზა შუშანიკისა (`მოკითხვაჲ შენი შენადვე მოიქეცინ~,
`ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისათა~,
`უმჯობჱს არს ჩემდა სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ~,
`და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხგყავ. და თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა~).
შუშანიკი პავლე მოციქულის ეპისტოლითაც ადასტურებს თავისი პოზიციის სისწორეს და დასძენს: `არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ~. ამ კატეგორიულ პასუხებს მოჰყვა კატეგორიული ჟესტი.
7. ხასიათის ძერწვის დღევანდელი ლიტერატურული პრინციპებიდან თუ შევხედავთ ჭიქის შელეწვის სცენას, შუშანიკს თავშეუკავებლობად ჩამოვართმევთ და ასეც მოხდა, მაგრამ სხვაგვარია პერსონაჟის სახის გააზრება ადრეულ შუასაუკუნეებში. შუა საუკუნეთა ხელოვანი ხატავს ზოგადად ადამიანს, დადებით ან უარყოფით გმირს. აღწერს ადამიანის განცდათა ცალკეულ გამოვლინებებს, მაგრამ ცალკეული ქცევა არ იყო გაგებული ხასიათის თვისებად. დღევანდელი პოზიციებიდან კი უთუოდ ძნელი იქნება პიროვნების გამოვლინებად არ მივიჩნიოთ პერსონაჟის ყოველი ქცევა. სინამდვილის უშუალო გავლენით იჭრებოდა მსგავსი სცენები ნაწარმოებში.
8. მწერალს არ ჰქონდა გამიზნული თავისი გმირის რთული, წინააღმდეგობრივი ხასიათის ჩვენება. ჰაგიოგრაფი `მრავლისაგან მცირედს~ აღწერდა. ჭიქის შელეწვის სცენა მოხვდა `მრავლისგან მცირედში~, რადგან იგი წმინდანის უკომპრომისობის დასტური იყო და, ამას გარდა, ჰქონდა ნაწარმოებში სხვა აზრობრივი დატვირთვაც: ჯოჯიკის ცოლისაგან ღვინის შეთავაზება გარკვეულ კონტექსტს უქმნის ნაცემი შუშანიკისათვის იაკობის მიერ ღვინოში ჩამბალი პურის შეთავაზებას. 9. ჭიქის შელეწვა გამოკვეთს მომდევნო ეპიზოდში ღვინის სხვა სემანტიკას. გავიხსენოთ, რომ იაკობი `ფრიად აიძულებდეს~ ნაცვლად ამბობს: `მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი~. ეპისკოპოსთა მოძღვნილი ამ `ჭამადიდან~ იაკობმა ღვინოში ჩამბალი პური მიაწოდა შუშანიკს. ეს დეტალი რამდენიმე სემანტიკური ფუნქციის მატარებელია. ღვინოში ჩამბალმა პურმა ხუცესს საშუალება მისცა ეჩვენებინა, რომ შუშანიკს `ყბანი და ზოგნი კბილნი შთამუსრვილ~ ჰქონდა. შემდეგ, იაკობ ხუცესი გვაუწყებს, რომ ციხეში შუშანიკმა `არცა საჭმელი რაჲ მიიღის, გარნა დღესა ხოლო კჳრიაკესა ეზიარის ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა~. ღვინის ეს ორი შეთავაზება ეხმიანება ახალი აღთქმის მუხლებს: `ვერ ჴელ-გეწიფების სასუმელი უფლისაჲ სუმად და სასუმელი ეშმაკთაჲ~; `ვერ ჴელ-გეწიფების ტაბლასა უფლისასა ზიარებაჲ და ტაბლასა ეშმაკთასა~ (პირველი კორინთელთა, X 21).
მანანა გიგინეიშვილი
კრებულიდან `ნათელი ქრისტესი, საქართველო~, ტ. I,
თბ., 2003.
|