Skip navigation

ალუზიები მხატვრულ ტექსტებზე, პიესებსა და ლიბრეტოებზე

 


”როგორ? ვიმღერო მარგარიტა"

იხ. "ტრავიატადან" მარგარიტას არია მარია კალასის შესრულებით

 

უნდა იგულისხმებოდეს ჯუზეპე ვერდის ოპერა ”ტრავიატას” მთავარი პერსონაჟის - მარგარიტა გოტიეს პარტია (”ტრავიატა”იტალიურად შეცდომილს, დაცემულს ნიშნავს). ოპერა დაიწერა ალექსანდრე დიუმას რომანის ”ქალი კამელიებით” მიხედვით.

ფაბულა: ახალგაზრდა არისტოკრატ არმან დიუვალს შეუყვარდა კურტიზანი ქალი მარგარიტა, რომელიც ჭლექით იყო დაავადებული. ისინი ბედნიერები იყვნენ, მაგრამ არმანის მამამ სთხოვა მარგარიტას, არ გაეუბედურებინა მისი შვილი.

მარგარიტა დათანხმდა და დაუბრუნდა თავის ძველ ცხოვრებას. არმანს ეგონა, რომ ქალმა გადაიყვარა, მანაც სხვასთან დაიწყო ურთიერთობა და მხოლოდ მარგარიტას სიკვდილის შემდეგ გაიგო სიმართლე.

”ვითამაშო ოფელია”.

იხ. ოფელიას გაგიჟების სცენა "ჰამლეტის" ამბროიზ თომასისეული საოპერო ვერსიიდან

შექსპირის ტრაგედია ”ჰამლეტის” პერსონაჟი, რომელსაც უყვარს დანიის უფლისწული და მისგან უარყოფის შემდეგ, ფსიქიურად შეშლილი, თავს იკლავს.

ოპერაში მოისმინეს ”ტრისტან და იზოლდა”

იხ. იზოლდას არია ვაგნერის "ტრისტან და იზოლდადან"

კელტური ლეგენდის თემაზე შექმნილი რიხარდ ვაგნერის ოპერა.

ფაბულა: ირლანდიელ მეფის ასულ იზოლდას შეებრალა მისი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი და მისი საქმროს მკვლელი ახალგაზრდა ინგლისელი რაინდი ტრისტანი და განკურნა. ტრისტანს შეუყვარდა იზოლდა, მაგრამ არ ჰქონდა იმედი, რომ მასაც უყვარდა და გადაწყვიტა მეფის ასულის ბედზე იმით ეზრუნა, რომ თავის ბიძა - მეფე მარკზე დაექორწინებინა. იზოლდა განრისხდა და მსახურს დაავალა საწამლავი ჩაესხა მათ ღვინოში. მას უნდოდა, რომ ის და ტრისტანი ერთად მომკვდარიყვნენ, მაგრამ მსახურმა საწამლავის ნაცვლად სიყვარულის ნექტარი ჩაუსხა, რის გამოც მათ კიდევ უფრო შეუყვარდათ ერთმანეთი.

როდესაც მეფემ მათი ამბავი გაიგო, განრისხდა. ტრისტანი სასიკვდილოდ დაჭრეს. იგი ბრეტანში თავის ციხე-სიმაგრეში დაბრუნდა და იზოლდას მისვლისთანავე მის ხელში დალია სული. იზოლდაც დარდისაგან მკერდზე დააკვდა შეყვარებულს.

”ურიის ქალზე?... უკანასკნელ სცენას ნუღარ მოუცდით, რადგან ასეთი ნერვებიანი გახდით, ბატონო ბრომლეი...”

იხ. ეპიზოდი ჰალევის ოპერიდან "ურიას ქალი".

სავარაუდოდ იგულისხმება ჟაკ ფრომანტალ ჰალევის (1799-1862) ოპერა ”ურიას ქალი”.

ფაბულა: ებრაელი ქალიშვილი რაქილი უყვარს ცოლიან ქრისტიან უფლისწულ ლეოპოლდს, რომელიც ქალს ვინაობას უმალავს და თავს ებრაელ მხატვრად ასაღებს. რაქილსაც უყვარს იგი, მაგრამ როდესაც შემთხვევით საიდუმლო გამომჟღავნდება, სასოწარკვეთილი რაქილი საქვეყნოდ განაცხადებს, რომ ლეოპოლდმა იგი აცდუნა.

კარდინალი რაქილს, მის მამა ელეაზარს და უფლისწულს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს.

უფლისწულის ცოლი დაითანხმებს რაქილს, რომ დანაშაული თავის თავზე აიღოს და ლეოპოლდი გადაარჩინოს.

ებრაელების დევნის გამო კარდინალის მიმართ შურისძიებით ანთებული ელეაზარი უმხელს მას, რომ ქალიშვილი, რომელიც ხანძრის დროს დაღუპული ეგონა, ცოცხალია, მაგრამ არ ეუბნება, სად არის.

როდესაც რაქილს სიკვდილით დასჯიან (მდუღარეში ჩააგდებენ), იგი მაშინღა ეტყვის კარდინალს, რომ სწორედ მის მიერ განწირული ეს რაქილი იყო მისი ქალიშვილი.

სცენის ფარდიდან გამოხტა ქალი...

- საკუნტალა!..

იხ. ფრაგმენტი კალიდასის ოპერიდან "საკუნტალა"

-

საკუნტალა - ”მაჰაბჰარატას” მითის და კალიდასის დრამის ”საკუნტალას შეცნობა” პერსონაჟი.

მასში ერთმანეთს ებრძვის სულიერი და ქალური. იგი ასკეტიზმისა და ვნების სიმბოლოა. ეს ორმაგი ბუნება შესაძლოა მისი წარმომავლობით ყოფილიყო განპირობებული. ღმერთების მეფის, ინდრას ბრძანებით აპსარა მენეკამ აცდუნა ასკეტი ვიშვამიტრა და გააჩინა ქალიშვილი. ვიშვამიტრა მონასტერს დაუბრუნდა, მენეკა - ციურ სამეფოს, ახალშობილი საკუნტალა კი ტყეში დატოვეს. ჩიტებით გარშემორტყმული ბავშვი განდეგილმა კანვამ იპოვა (”შაკუნტა” ჩიტს ნიშნავს და აქედან მოდის მისი სახელი) და მონასტერში წაიყვანა.

საკუნტალა შეუყვარდა მეფე დუშიანტას, მაგრამ ისინი დიდი ხნით დაშორდნენ ერთმანეთს. არსებობს ორი ვერსია: ”მაჰაბჰარატას” მიხედვით მეფემ აღარ მოინდომა ”შეუფერებელი” ქორწინება და უარი თქვა საკუნტალასა და ვაჟზე, კალიდასის ვერსიის მიხედვით კი მათ ერთად ყოფნას ხელი შეუშალა წყევლამ, რომლის გამოც დუშიანტამ გარკვეული დროის მანძილზე დაკარგა მეხსიერება. მითის მიხედვით, უარყოფილი საკუნტალა შვილს უტოვებს დუშიანტას და თავად მიდის, დუშიანტა კი ზეციური ხმის შთაგონებით იბრუნებს მას და უმტკიცებს, რომ ეს მხოლოდ გამოცდა იყო და მისი მიტოვება არ უცდია. კალიდასის დრამის მიხედვით კი როცა მეფე თავის ბეჭედს დაიბრუნებს, წყევა აიხსნება, მას ყველაფერი ახსენდება, ეძებს, პოულობს და იბრუნებს ცოლ-შვილს.

მიაჩნიათ, რომ საკუნტალა ინდოელი ქალის ზოგადი სახეა ის ნაზიც არის და ცეცხლოვანიც.