Skip navigation

სტატია

გაეცანით თემურ დოიაშვილის სტატიის "სიბრძნე სიცრუისა" და "სიბრძნე სიცრუისა" შემოკლებულ ვარიანტს და შეასრულეთ თანდართული ტესტები

"...კონსტანტინე გამსახურდიას მცირე იგავური ნოველა „სიბრძნე სიცრუისა" რთული აზრობრივი შინაარსისაა... ძნელი შესამჩნევი არაა, რომ კ. გამსახურდია იყენებს იგავური ჟანრისათვის დამახასიათებელ კომპოზიციურ სტრუქტურას, რომელსაც სულხან-საბაც ხშირად მიმართავდა. ესაა კლასიკური ტრადიციული სქემა: თეზა - ანტითეზა - დასკვნა. კ. გამსახურდიას ნოველაში ეს სქემა მოდიფიცირდება, როგორც „თეორია - სინამდვილე - უმაღლესი ჭეშმარიტება".

პრობლემის თეორიული დაფუძნება, როგორც ითქვა, დასაწყისშივე ხდება: რა დგას უფრო მაღლა, რა არის მთავარი ადამიანის არსებისათვის - მეგობრობის ზნეობრივ-ეთიკური კანონი თუ თანდაყოლილი სიამოვნების ინსტინქტი, რომელსაც გამოხატავს ღვინის კონცეპტი, როგორც დიონისური ექსტაზის სიმბოლო... მეგობრობის ე. ი. ეთიკური საწყისის უზენაესობას თავგამოდებით იცავს მხატვარი, ხოლო მისი მასპინძელი - მოქანდაკე ღვინის, ექსტაზის, სიამოვნებისაკენ ინსტინქტური ლტოლვის მოსარჩლეა. ნოველის კვანძი თეორიული თეზა-ანტითეზის დაპირისპირებით იკვრება... თეორიული დისპუტი თეზა-ანტითეზის გამოკვეთისთანავე წყდება და პრობლემა აზროვნების, განსჯის სფეროდან რეალურ განზომიილებაში, ცხოვრების სინამდვილეში გადაინაცვლებს. იწყება იგავური ნოველის ემპირიულ-ნარატიული ნაწილი, პერიპეტიების კასკადი, დინამიური უწყვეტობით და სიტუაციათა პარადოქსულობით...

რადგან ცოცხალ ქალს, ცდუნების ხორციელ ობიექტს, ნაწარმოებში ხელოვნების ნიმუში ენაცვლება, ამით პრობლემა მორალურ-ეთიკური განზომილებიდან ესთეტიკის სიბრტყეში გადადის. მოქანდაკის ექსპერიმენტი არსობრივი პასუხია კითხვაზე, რა დგას აქსეოლოგიურ შკალაზე ყველაფერზე მაღლა. თურმე ექსპოზიციაში გამოთქმული მისი თვალსაზრისი და დაპირისპირება მხატვართან პოლემიკის იმიტაცია ყოფილა, გათამაშებული ექსპერიმენტის აზრობრივი შინაარსი კი ისაა, რომ ემპირიულ რეალობასთან დაკავშირებული ლტოლვა-ინსტინქტები თუ მორალურ-ეთიკური კატეგორიები ადამიანის მიერ შექმნილ წარმოდგენათა რიგს განეკუთვნება - უზენაესია ხელოვანის მიერ შექმნილი მშვენიერება, „მშვენიერი სიცრუე", რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს მორალთან. „სიბრძნე" ამ ჭეშმარიტების შეცნობაშია, ხელოვნებისეული სიცრუის და მისი შედეგის - მშვენიერების უპირობო აღიარებაში...

ნოველა მთავრდება დასკვნით, რომელიც ორმხრივი ექსპერიმენტული თამაშიდან გამოიტანეს პერსონაჟებმა: „ორივემ შეიცნო სიბრძნე სიცრუისა". მწერლის კონცეფციით, ხელოვნების, („სიცრუის") მიერ შექმნილი „სიბრძნე" - მშვენიერებაა, შემოქმედის სულის გამონაშუქი, რომელიც ემპირიულ არსებობასთან მიბმულ დიონისურ ექსტაზზეც და მორალის პირობითობაზეც მაღლა დგას...

კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებითი გზის დასაწყისი, „პერიოდი საკუთარი ხმის მოპოვებისა და საკუთარი მანერის მიგნებისა", მოდერნისტულ ხელოვნებასთან, კერძოდ ექსპრესიონიზმთან იყო დაკავშირებული... ექსპრესიონიზმი გამორიცხავდა ბუნებისადმი მიბაძვას: „სამყარო არსებობს. უაზრობა იქნებოდა მისი გამეორება" (კ. ედშმიდი)... ექსპრესიონისტი ხელოვანი კი არ ხედავს - ჭვრეტს, კი არ ხატავს - განიცდის. მისი მეთოდი რეპროდუქტიული კი არაა, არამედ „ფორმად ქმნა და განსახიერება. მიმესისი ემპირიული სიბრმავით შეპყრობილ ოსტატთა ხელობაა, ამ სიბრმავისაგან თავისუფალი, ვიზიონერული უნარით დაჯილდოებული ხელოვანნი კი ობიექტში სუბიექტს გამოსახავენ, რეალობას „სულობით განმსჭვალავენ და ემპირიულზე ამაღლებით კოსმოსთან ერთიანობისაკენ მიისწრაფიან. ექსპრესიონიზმისთვის ხელოვნება და სინამდვილე ორი, განსხვავებული რეალობა იყო... ხელოვნების მიზანია არა სინამდვილის მიმსგავსება, არამედ მისი შევსება და ამაღლება, არა მოვლენის, არამედ არსის ჭვრეტა: „არა ქვა, რომელიც ვარდება, არამედ - მიზიდულობის კანონი"...

სულხან-საბას გენიალურ თხზულებაში არის ერთი მხიარული, თავშესაქცევი არაკი, რომელიც კ. გამსახურდიას იგავური ნოველის პირდაპირი წყაროა. ენაწყლიანი ჭაბუკი ლეონი ხატოვნად ყვება თავის თავგადასავალს, წუთისოფლის გზებზე ხეტიალის ამბებს. ამბავთა შორის მთხრობელი იტალიელ მხატვრებთან სტუმრობის შემთხვევასაც იხსენებს და მახვილგონივრულად, მსუბუქი კომიზმით გადმოსცემს სიცოცხლით ტკბობის, თავისუფლების და სულიერი სილაღის რენესანსულ ატმოსფეროს. ამასთან ერთად, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, სულხან-საბას თხრობაში იგავურად შემოაქვს „სიბრძნის" ელემენტები, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში - ფილოსოფიურ-ეთიკურ და ესთეტიკურ საკითხთა წყება, როგორც უკუფენა სახუმარო გასართობი არაკისა.

„იტალიელი მხატვრების" ფაბულაში ოთხი ეპიზოდია გაერთიანებული. ერთ კომპოზიციურ ჩარჩოში მათ თანაარსებობას ხელს უწყობს კომიზმის შექმნის საერთო პრინციპი, რომელიც სიცრუის, ტყუილის, ფიქციის ეფექტს ქმნის... სულხანის არაკის ოთხივე ეპიზოდში კომიზმის წყარო მახვილგონივრული მისტიფიკაციაა. იგი ერთდროულად ეყრდნობა მხატვარ-მისტიფიკატორთა იშვიათ უნარს, მიაღწიონ დედნისა (სინამდვილე) და ასლის (ნახატი) სრულ მიმსგავსებას, იდენტურობას და, ამასთან, - რეცეპიენტთა შეგრძნებების მექანიზმის არასრულყოფილებას, აღქმისმიერ ცდომილებას, მხედველობის აბერაციას. სულხან-საბა ყოველ ეპიზოდში საგანგებოდ გახაზავს ორივე ამ მომენტს:

1. „ერთი საწერელი დაეხატა, გაშლილი კალამი რომ შიგ იდვას, მის მსგავსად, კაცს ეგრე ეგონებოდა, გაშლილი საწერელი ძესო";

2. „მას კედელსა ზედა ერთი გაღებული კარი გამოეხატა, ეგრე ეგონებოდა კაცსა, შესავალი სახლის კარიაო";

3. „რკინაზე ერთი მყრალი ძაღლის მძორი გამოეხატა, რომ შიგ ჩავარდნილს ჰგვანდა";

4. „ამხანაგისა ცოლი თურე ენახა და მისი სახე გამოესახა, სრულიად მას „ამსგავსა". ოთხივე შემთხვევაში აღმქმელნი მიმსგავსების მსხვერპლნი ხდებიან...

„მსგავსება" ნახატისა და სინამდვილის იდენტურობის სრულ ილუზიას ქმნის, ცრუ წარმოდგენას („ეგონა") იწვევს, რასაც მოსდევს შეცდომა, შეუსაბამო რეაქცია-საქციელი და აქედან გამომდინარე კომიზმი...

შეცდომა, რომელსაც მხატვრები უშვებენ სულხან-საბას არაკში, დემოკრიტეს მიხედვით, გრძნობადი აღქმისადმი აბსოლუტური ნდობის შედეგია, ხოლო ეპიკურეს თანახმად, ამის საპირისპიროდ, დამნაშავეა გონება, რომელმაც სწორად აღქმული ნახატები შეცდომით რეალობის სურათებს გაუთანაბრა. მაგრამ რეციპიენტთა (მხატვრების) შეცდომის მიზეზი მხოლოდ შემეცნების სფეროში კი არ არის, არამედ მიმეტური ხელოვნების არსშიც...

„სიბრძნე სიცრუისა" თავისი ჩანაფიქრით პრაქტიკული ცხოვრების სახელმძღვანელოა, რომელიც უარყოფს, ამხელს ვერაგობას (ხრიკს) და გვასწავლის სიბრძნეს (ხერხს), როგორც თავდაცვის საშუალებას. სიცრუის სიბრძნე ხელოვნებაში ბრწყინვალედარის ილუსტრირებული არაკით „მეფე და მხატვარი", სადაც მახვილგონივრულად მიგნებული სიცრუე-ხერხი მხატვარს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

ამრიგად „იტალიელი მხატვრები" ნიმუშია მიმეტური სიცრუის გამოყენებისა ხრიკის ფუნქციით. მწერალი მორალისტი მსუბუქი დაცინვით ამხელს ამგვარი „თამაშის" არასერიოზულ, ბალღურ ხასიათს და მისი აღკვეთის გზასაც გვასწავლის „ბრძენი მხატვრის" მოქმედების მაგალითზე. იგავთა წიგნში სიცრუის ვერაგობის საპირისპიროდ სულხან-საბა სიცრუის სიბრძნეს ამკვიდრებს...

...საბჭოთა წყობილების სტაბილიზაციასთან ერთად... მოდერნისტული იდეალების დაცვა უაზრო თავგანწირვას უდრიდა; ამიტომ კ. გამსახურდიამ მახვილგონივრულ ხერხს მიმართა - 1930 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „მარცხენა თვალით" შეიტანა მცირე იგავური ნოველა „სიბრძნე სიცრუისა", რომელშიც ვულგარული რეალიზმის დიქტატის პირობებში შემოქმედებითი ფანტაზიის, გამონაგონის, „სიცრუის" უფლებებს იცავდა. წამოწყებულ სახიფათო თამაშში დამხმარედ და ფარად კ. გამსახურდიამ კლასიკურ მემკვიდრეობას, მის ავტორიტეტს მოუხმო - სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკთა წიგნთან კავშირის დეკლარირების საფარქვეშ შექმნა მოდერნისტული მანიფესტი..."

ჟ. „სჯანი", 2010, #11, გვ. 10-26