Skip navigation

"რამ შემქმნა ადამიანად"

ვაჟა-ფშაველა
რამ შემქმნა ადამიანად
(სიმღერა)

 

რამ შემქმნა ადამიანად?
რატომ არ მოვედ წვიმადა,

რომ ვყოფილიყავი მუდამა

ღრუბელთ გულ-მკერდის
მძივადა,
მიწაზე გადმოსაგდებად

ცვარად ან თოვლად ცივადა?

არ გამწირავდა პატრონი
ასე ოხრად და ტივლადა!

გავიხარებდი, მთა-ბარსა
ოდეს ვნახავდი მწვანედა,
მორწყულსა ჩემის ოფლითა,
ყვავილებს შიგნით, გარეთა.

გადავუშლიდი გულ-მკერდსა
დღისით მზეს, ღამით მთვარესა.
სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი
მომაკვდავ არე-მარესა.
თოვლად ქცეულსა გულშია
ცეცხლად იმედი მრჩებოდა,
რომ ისევ ჩემი სიკვდილი
სიცოცხლედ გადიქცეოდა
და განახლებულ ბუნებას
ყელ-ყურზე მოეხვეოდა.
1913 წ.