გაეცანით ალუზიისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, რომლებიც ამოვკრიბეთ სხვადასხვა მეცნიერთა განმარტებებიდან
♦ ლათინური სიტყვა allusio "მინიშნებას" ნიშნავს.
♦ მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხია, რომლის საშუალებითაც ხდება რომელიმე სხვა მხატვრული თხზულების დეტალზე, სახეზე, გამონათქვამზე, ისტორიულ ან ყოფით ფაქტზე მინიშნება.
♦ სტილისტური ხერხია, რომელიც შეიცავს მინიშნებას ზეპირ ან წერით კულტურაში დამკვიდრებულ რომელიმე ლიტერატურულ, ისტორიულ, მითოლოგიურ ან პოლიტიკურ ფაქტზე.
♦ არის სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი (ფრაზა, წინადადება), რომელიც აღძრავს მკითხველის გონებაში ასოციაციურ კავშირს სხვა ტექსტთან, შემოაქვს დამატებითი ინფორმაცია და აქვს მხატვრულ-ესთეტიკური დატვირთვა.
♦ არის მეტყველების ობიექტის ირიბი დაკავშირება რაღაც საყოველთაოდ ცნობილთან, ისეთთან, რომლის ციტირებაც ხშირად ხდება (ანდაზა, ხატოვანი გამოთქმა, ისტორიული მოვლენა, ლიტერატურული ნაწარმოები, სიტყვის მოდელი), მაგრამ ეს დაკავშირება არ ხორციელდება ციტირებით ან პერიფრაზით. შეიძლება გამოკრთეს სულ რაღაც ერთი სიტყვა ან სახე, რომელიც გაგვახსენებს პრეცედენტულ ტექსტს, იმას, რომელიც წინ უსწრებდა ახალს და რომელზედაც კეთდება მინიშნება).
♦ საკუთარი მნიშვნელობის გარდა მეხსიერებაში აცოცხლებს რაღაც შეფარულს და უფრო მნიშვნელოვანს.
♦ გადაკრული ნათქვამია, რომელიც ბოლომდე თავად მკითხველმა უნდა მიიყვანოს.
♦ მიგვანიშნებს პოპულარულ, უმრავლესობისათვის ნაცნობ ტექსტზე, რადგან თუ მკითხველმა მინიშნება ვერ დააკავშირა წყაროსთან, ქვეტექსტის შინაარსიც და ალუზიის, როგორც მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალების ეფექტიც იკარგება. გულისხმობს, რომ მკითხველი იცნობს ამ სიტყვების მიღმა დაფარულ აზრს და მიხვდება ავტორის ჩანაფიქრს.
♦ გარკვეული გაგებით ალუზიაც ციტატაა, მაგრამ დონორი ტექსტის (საიდანაც არის ის აღებული) მთელი გამონათქვამი ახალ ტექსტში მხოლოდ იმპლიციტურად ("დაუსწრებლად") არსებობს.
♦ ალუზიის მეშვეობით გარედან შემოტანილი ელემენტები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ტექსტის აზრობრივ-კომპოზიციური სტრუქტურის კვანძებად იქცევა.