გიორგი ლეონიძემ
სულხან-საბა ორბელიანს „ვნებიანი მოარაკე" უწოდა. ამ სიტყვებში პოეტი და ფილოლოგი
20-30 წლის სულხანს გულისხმობდა, ორი მეფის, გიორგი XI-ისა და არჩილის
აღზრდილს, სიტყვების შეკრებითა და ამბების თხრობით გატაცებულ ახალგაზრდას, რომელიც
იმ დროისათვის ჯერ არც გარეჯის უდაბნოს გზას დადგომოდა და არც მეფის კარზე მისულიყო
ერთგულ მსახურად. წლების შემდეგ „ვნებიანი მოარაკე" ვნებიან მოქადაგედ იქცევა, მერე
ვნებიან მოღვაწედ, ბოლოს კი, საბა მოგზაურობას დაიწყებს. ასაკში, როცა სხვები შინ ბრუნდებიან
ხოლმე, საბა 3 წლით დატოვებს სამშობლოს და უცხო ქვეყანაში „გაიპარება". ეს იქნება სევდიანი
მოგზაურობა ვნებიანი მოგონებებით...
ეს საბას უკანასკნელი
მოგზაურობა იყო და ამ გრძელ გზაზე მას უკვე ალბათ აღარაფერი აკვირვებდა. არადა
1713-1715 წლებში, სანამ საბა კონსტანტინეპოლში დაბრუნდებოდა, იგი აღტაცებით იყო სავსე,
ხნიერი კაცი ყმაწვილური გატაცებით ათვალიერებდა ყველაფერს, რაც ახალი შემოხვდებოდა
გზად და დახასიათებისას არც სიტყვებს იშურებდა და არც აღმატებით ხარისხს ერიდებოდა.
მის ტექსტში არაერთხელ შეხვდებით, „უანგარიშო უცხოებს", „კაცის გუნების მიუწდომელს",
„შვენებულობით" გამორჩეულ, „გასაკვირველ", „დაუჯერებელ" საგნებს, რომელსაც ვერა ენა
ვერ გამოთქვამს და რისი ნახვის შემდეგაც „კაცის გულს ჭირი უკუეყრება". საბა ასე ცდილობდა
თანამედროვეთა დაჯერებას: „ვინც დაიჯერებთ, ეს ჩემი თვალით მინახავს, ვინც არა და თქვენ
იცით, „დაიჯერეთ, ასე იყო. ამის მეტი რა გითხრა", „დაიჯერეთ მართალია", „რაც სანახავები
ვნახო, აღიწერება, მაგრამ რასაც შევიძლებ უცხოებს ვეცდები დავწერო. დაიჯერეთ, რომი
ასეთია. ას წელს სულ იაროს კაცმა, მის საკვირველობას ვერც გაუვიდეს, ვერც დაასრულოს.
მაგრამ მე რასაც შევიძლებ, ჩემს ნახულს მართალს დავწერ. ეგება გეგონოსთ ქებისათვის ნემეტნავი
დავწერო. უსაცილოდ დაიჯერეთ, რასაც ვწერ ნაკლებია და მასაც თავს გაუსვლელსა და შეუძლებელსა.
დაიჯერეთ, ნახევარს მაშინაც ვერ მივსწვდები, რომ ვერ შევიძელ დასწავლა და დაწერა ნახევრისა".
ხშირად დიდი მესიტყვე თითქოს ფარ-ხმალს ყრის და წამოცდება ხოლმე: „მისი მსგავსი არ
მინახავს. რა ენა იტყვის...", „ჯერ იმ სიუცხოვე არა მინახავს რა, არ დაიწერება. რა
განიშნო?", „ეკკლესიის ქებას ვერ დაგიწერ", „როგორ ითქმის", „რას იტყვის კაცის ენა",
ერთგან კი სულაც ამბობს: „შიგნით შევიდოდით, ისე გვეუცხოვოს, გარეთ გამოვიდით, შიგნით
შესვლა აღარ მოგვინდის"-ო.
ეს წიგნი უცხოობისა
და განცვიფრების წიგნია, ახალი ქართული ენის „შესაქმე", სადაც სულ რამდენიმე ათეული
გვერდის მანძილზე შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ თუ როგორ ვითარდება ენა, როგორ იშვება
აღწერის სრულიად ახალი უნარები, ხერხები, იბადება ახალი სიტყვები, პირველად ხდება ნივთების,
ადგილებისა და ქმედებების სახელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი
მოგზაური მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ლექსიკოგრაფია, იგი იმავდროულად ჩვენი მარკო
პოლოცაა და სემუელ ჯონსონიც, იგია ადამიანი, ვინაც ათწლეულები მოუნდა, რათა თავის სამშობლოში
ყველაფრისთვის მოეძებნა სახელი, შემდეგ კი წლები იმოგზაურა, რათა ამ ყველაფრის გამოხსნისთვის ებრძოლა. 1713 წლამდე
საბა ცხოვრობდა სახელთათვის, შემდეგ კი მოგზაურობდა ქვეყნისათვის. ეს იყო ურთულესი
გზა აღმნიშვნელიდან - აღსანიშნისკენ, ტექსტიდან - რეალობისკენ, სიტყვიდან - საგნებისკენ.
ამგვარი რეალურობის
თუ საგნობრიობის მიუხედავად, საბას უკანასკნელი ტექსტი მაინც დიდი ლიტერატურაა. „ევროპაში
მოგზაურობა" ჯერ კიდევ ელის ნარატოლოგის თვალით წაკითხვას, ჯერ კიდევ ბოლომდე განუსაზღვრელია
მისი ადგილი სამოგზაურო ჟანრის ქართულ და მსოფლიო ნიმუშებს შორის. კარგი იქნებოდა,
თანამედროვე ლექსიკოლოგისა და გეოგრაფოსის კვლევაც გვეხილა ამ ტექსტზე, რომ არაფერი
ვთქვათ „მოგზაურობის" ხელოვნებათმცოდნეობით ან ისტორიულ წაკითხვებზე.
ჩემი სტატია ნაწილობრივ
ამ ისტორიულ წაკითხვასაც გულისხმობს, ამიტომ ძალიან მოკლედ მოვხაზავ იმდროინდელ ვითარებას.
1709 წელს ავღანეთში
აჯანყებულები ჰკლავენ გიორგი XI-ს,
1712 წელს იგივე ბედი ეწევა გიორგი XI-ის
ძმისწულს, ქაიხოსრო მეფესაც. ქაიხოსროს ძმა, ჯანიშინი ვახტანგი მეფობის მისაღებად სპარსეთში
მიემგზავრება (1712 წლის აპრილში) სულხან-საბასთან ერთად. სამი თვის შედმეგ საბა უკან
დაბრუნდა, თუმცა ვახტანგ VI ისპაჰანში კიდევ 2 წელი დარჩა, 1714 წლის მარტამდის, როცა ისლამის აღიარებაზე
უარის გამო იგი ქირმანს გადაასახლეს. საბამ მოგზაურობა ვახტანგის გადასახლებამდე დაიწყო
და მისი თავდაპირველი მიზანი აღზრდილის ქრთამით გამოხსნა და ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობის
დამყარება იყო. უკვე 1712-1713 წლებში ინტენსიური მიმოწერა იყო ვახტანგსა და ლუდოვიკოს,
საბასა და პაპს, ევროპელ მისიონერებსა და ევროპელ სახელმწიფო მოხელეებს შორის. ამაზე
დეტალურად არ შევჩერდებით. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მთავარ საკითხად მაშინ კავკასიის
24 პროვინციის კათოლიკედ მოქცევა და საფრანგეთის
სავაჭრო გზის საქართველოზე გავლა იდგა.
1714 წლის ზამთარში
მარსელში სულხან-საბამ, აბატმა რიშარმა და დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის, გრიგოლის
(ლორთქიფანიძის) წარმომადგენელმა, დავით ბერმა მარსელში გალერებისა და ვაჭრობის გენელარული
ინტენდანტის, პიერ დ'არნუს ხელმძღვანელობით შეადგინეს მემორანდუმი, საიდანაც ცხადად
ირკვევა, რომ უპირველეს საკითხად სავაჭრო ურთიერთობა იდგა. მემორანდუმის სრული სათაური
ასე ჟღერდა: „მემორანდუმი იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეიძლება, ერთი მხრივ, რომის
კათოლიკური სარწმუნოების დასამკვიდრებლად, ვაჭრობის დასამყარებლად, როგორც საქართველოდან,
ასევე მის მეზობელ ხალხებთან, მეორე მხრივ, მეფის ძალაუფლებისა და საფრანგეთის ვაჭრობის
გაძლიერებისთვის ლევანტსა და აღმოსავლეთში, კერძოდ თურქებთან და სპარსელებთან". სულხან-საბას
ასევე შეთანხმების თავისი პროექტი ჰქონდა წარდგენილი, სადაც 6 ძირითადი მუხლი იყო:
„პირველი, რომ მეფე (ვახტანგი) მისცემს საჭირო
სახლს საფრანგეთის კონსულს თავის დედაქალაქ თბილისში.
მეორე, რომ ის თავისი ხარჯით შეინახავს კონსულს და მისი უდიდებულესობის
ყველა ქვეშევრდომდ, რომლებიც გაივლიან საქართველოზე ან იქ დაჰყოფენ.
მესამე, რომ ის უზრუნველჰყოფს ყოველივე საფრთხისგან საქონელს,
რომლებსაც ფრანგები ჩამოიტანენ საფრანგეთიდან და რომელსაც ისინი გაატარებენ საქართველოზე
სპარსეთში წასაღებად და ან პირიქით, რომელსაც ისინი ჩამოიტანენ სპარსეთიდან საქართველოში.
მეოთხე, რომ ის კისრულობს კიდეც ხარჯებს ყველა საქონლის სპარსეთიდან
შავ ზღვამდე და შავი ზღვიდან სპარსეთის ზღვამდე მისატანად.
მეხუთე, რომ ის მისცემს საჭირო საწყობებს, როგორც შავი ზღვის
ახლოს, სამეგრელოში, ასევე თავის სამფლობელოში.
მეექვსე, რომ ის მისცემს ფრანგ სოვდაგრებს საშუალებას, აწარმოონ
ვაჭრობა მეზობელ ჩერქეზებთან, აგრეთვე აწარმოონ ხელსაყრელი ვაჭრობა თავის ქვეშევრდომებთან
და მეგრელებთან აბრეშუმეულობით, მატყლით, ცვილით და სხვა საქონლით".
როგორც მოგვიანებით
გაირკვა (და ამის შესახებ, როგორც ჩანს, სულხან-საბამ არაფერი იცოდა), პარიზის ელჩობა
საბას ვიზიტის დასაწყისიდანვე საფრთხის ქვეშ იდგა. დევიდ ლენგი წერს, რომ საბას ელჩობის
წარმატებით დასრულებას სპარსეთის ელჩის, მოჰამედ რიზა-ხანის იმ დროს პარიზში ყოფნამაც
შეუშალა ხელი. თურმე ფრანგი დიპლომატები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მას არ გაეგო
საბას ვიზიტის შესახებ".
სულხან-საბა ორბელიანი, საიუბილეო კრებული, შოთა რუსთაველის
წართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2009, გვ. 30-55
|