Skip navigation

სათაურის გააზრება

 

გაეცაანით ამონარიდს ილია ჭავჭავაძის სტატიიდან და იმსჯელეთ სულხან-საბას იგავ-არაკების კრებულის სათაურის სემანტიკაზე


ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე

  ...საბა ორბელიანმა რომ თავისი ზღაპრები დასწერა, სიბრძნე-სიცრუის წიგნი დაარქვა. მე ხშირად ჩავფიქრებივარ ამ სახელს წიგნისას. მართლაც, სადაც სიბრძნეა, იქ სიცრუეს რა ხელი აქვს? სიბრძნესთან სიცრუე რა მოსატანია? რა სიტყვის მასალაა? რა უგავთ ერთმანეთს? საბა ორბელიანი _ ეს ბრძენი, დარბაისელი კაცი, რათ იკადრებდა სიბრძნეში გაერია სიცრუე? ან რა სახარბიელო სახელია სიცრუე?

მე ვფიქრობ, რომ საბა ორბელიანს ამის თქმა უნდოდა: მე ზღაპარს გეუბნები და სიბრძნეს კი გამცნებო. ზღაპარი მოგონილი ამბავია, არამართალი, მაშასადამე, სიცრუეა. ამ მხრით წიგნი საბა ორბელიანისა სიცრუეა. ის სიცრუე კი არა, რომელიც სწამლავს და ჰშხამავს ადამიანს და სიცრუის მთქმელს უფრო სთხრის და აუწმინდურებს, ვიდრე სხვას. ის სიცრუე კი არა, რომელსაც აუღია ურცხვად თავი და ქურდულად იკბინება გესლიან მორიელისავით და რომელიც ასე საზიზღარია და სამართლიანად დევნული ყოველ პატიოსან კაცისაგან...

საბა ორბელიანის სიცრუე ზღაპარია, არაკია, იგავია. იგავი, არაკი, ზღაპარი იმისთანა სახეა, კანია აზრისა, რომელიც საჭკუო და საზნეო ჭეშმარიტებას ზედმიწევნით გვიხატავს ხორცშესხმულად, ჭკუას გვასწავლის, გვარიგებს, ზნეს გვიწურთნის, ავსა და კარგს გვანიშნებს ერთმანეთში გასარჩევად... სიცრუე თვითონ ამბავია, სიბრძნე _ შიგ ჩასახული აზრია. ერთიც, მეორეც და მესამეც ხელოვნური ხორცთსხმაა, საჭკუო, საზნეო სწავლა-შთაგონებისა, განსახოვნებაა აზრისა, ისეთი განსახოვნება, რომელიც მარტო შემოქმედებითის ნიჭის საიდუმლოებას შეადგენს...

როცა მთქმელი ასე იწყებს ზღაპარს: “იყო და არა კი იყო რაო,” თითქო თავიდამვე ჰსურს გაუწყოთ, რომ არყოფილს, არარსებულს ამბავს გეუბნებიო, ხოლო სულს ადევნე გულისყური და არა ხორცსაო, აზრსა და არა ამბავსაო, რადგანაც ამბავი მარტო აზრის გამოსასახავად არის აქ ჩართული და მოგონილიო. ამიტომაც, თუ ზღაპარს, არაკს, იგავს აზრი არა აქვს, უგემურია, უმარილოა...

...აქ სიცრუე ხატებაა, განსახოვნებაა სიბრძნისა. ამიტომაც ესეთი სიცრუე არამცთუ ცოდვაა, ასე სამართლიანად საზიზღარი კაცთა ურთიერთობაში..., არამედ მადლია, რომლითაც ასე გამოჩენილნი არიან ეზოპე, ლაფონტენი, გრიმმები - ძმანი, ანდერსონი, კრილოვი, საბა ორბელიანი და სხვანი, ამ სახით მქადაგებელნი სიბრძნისა და ჭეშმარიტებისა. თვითონ საღმრთო წერილის იგავნი ამავე ორკეც თვისებისა და ღირსებისანი არიან.

მთელი ეგრედ-წოდებული სიტყვაკაზმული ლიტერატურაც ამ საფუძველზეა აშენებული: მოგონილის ამბით ცხადჰყოს მართალი. იგიც ამ სათავიდამ მოდის. ამიტომაც ამგვარს ლიტერატურაში არ არის არც ერთი მოთხრობილი ამბავი, რომ მართლა მართალი იყოს, მართლა ნამდვილი იყოს: სულ ადამიანის ფანტაზიით შექმნილია და ისეთის შემოქმედებით ხორცშესხმული, სულთჩასახული, რომ კაცსაც კი არ ეჯავრება, დიდადაც მოსწონს და ესურვება.

...დიაღ, ესეთია იგი საიდუმლოება ერთგვარის მადლისა, რომელსაც ზეგარდამო შთაგონება ჰქვიან და რომელიც თვით ცოდვილს სიცრუესაც კი მადლს აქმნევინებს ხოლმე და ყურმოჭრილ მსახურად უხდის სიბრძნესა...” (ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი ოც ტომად, . XIII, გვ. 177-181)