Skip navigation

კომენტარები

კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი

დავნაძლევდეთ, თუ საფრანგეთი გაიმარჯვებსო”... კლემანსოს, მგონი, ისე არაფერი გახარებია, თავის ცხოვრებაში, როგორც მილიარდერისაგან წაგებული შამპანიურ ბოთლის მიღება”.

ჟორჟ ბენჟამენ კლემანსო (1841-1929), განთქმული პოლიტიკური მოღვაწე. კლემანსოს ”სიხარულზე” საზოგადოებაში იუმორით საუბრობდნენ, რადგან ყოველი პოლიტიკური მარცხის შემდეგ ის ირწმუნებოდა, რომ მომხდარით კმაყოფილი იყო.

1909 წელს, როდესაც მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს, განაცხადა, რომ ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო, რადგან დაუსრულებელ შეხვედრებზე სიარული აღარ მოუხდებოდა.

1920 წელსაც, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო, იხტიბარი არ შეიტეხა და თქვა, ოკეანის პირას ვცხოვრობ, მებაღეობას ვეწევი, ფილოსოფიის შესწავლას ვცდილობ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობო.

პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც ფრანგებს გამარჯვების იმედი დაეკარგათ, მან ჩამოაყალიბა ”გამარჯვების კაბინეტი” და დაარწმუნა მოკავშირეები, რომ 120 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი გაეგზავნათ საფრანგეთში.

”გამარჯვებაში” სავარაუდოდ სწორედ პირველ მსოფლიო ომში (1914-1918) საფრანგეთის გამარჯვება იგულისხმება, მოკავშირეებთან - ბრიტანეთთან, რუსეთთან და მოგვიანებით, იტალიასა და აშშ-თან ერთად.
”ვენელ როტშილდს რომ დაენაძლევა...” დინასტიას საფუძველი ჩაუყარა მაიერ ამშელ როტშილდმა, შემდეგ კი მისი საქმე გააგრძელეს მისმა ვაჟებმა, რომლებიც აკონტროლებდნენ ევროპის 5 დიდი ქალაქის ბანკებს. მათგან ნათან მაიერმა საფუძველი ჩაუყარა ვენის განშტოებას. როგორც ჩანს, აქ ამ როტშილდზეა საუბარი.
”როგორც თქვენ არ გყავთ როკფელერი, მორგანი...” ჯონ მორგანი იყო შეერთებული შტატების უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის მფლობელი, ჯონ როკფელერი კი - ამერიკელი ნავთობმეწარმე და პირველი მილიარდერი.

”უხვ სტუმრებისათვის შეზავებულმა ”კრიმჰილდას სასმელმა”

გერმანულ ეპოსში ”სიმღერა ნიბელუნგებზე” ”დავიწყების სასმელი”, რომელიც კრიმჰილდას დედამ დაალევინა ზიგფრიდს რომ დავიწყებოდა თავისი საცოლე ბრუნჰილდა და დაქორწინებულიყო მის ქალიშვილზე.
”მის სიკვდილს უეჭველია მოჰყვებოდა ინგლისის საზოგადოების მხრით ჩემი მუდმივი დევნა... და მე ხომ არც ბაირონი ვარ და არც შელი...” ინგლისელი პოეტები ბაირონი და შელი გამოირჩეოდნენ იმით, რომ არ უწევდნენ ანგარიშს საზოგადოებრივ აზრს და მუდმივად ”დინების საწინააღმდეგოდ” მიდიოდნენ. ისინი მზად იყვნენ აეტანათ დევნა და შევიწროება, მაგრამ დაეცვათ საკუთარი იდეალები.
”ყავახანა ”საიდუმლო ბუ”... ბუს ინდოეთში სიკვდილის ფრინველად მიიჩნევდნენ, აგრეთვე სევდის, ნოსტალგიის, სიცარიელის, მარტოობისა და უბედურების სიმბოლოდ.

”წარმოიდგინე, კონრად, მე თავს არ ვიდებდი ამ ქალის სურათის დახატვას...

ოთხივე სურათშია ამ ქალის თვისებები... და ამით თქვენი თეორიაც მართლდება, რომ ხელოვნებაში საშუალო მცოდნეს, ხელოვნების მოტრფიალეს, მხოლოდ ის მოსწონს, რაშიაც მისი ნაწილი მაინც არის გამოსახული”.

შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს გერმანელი ექსპრესიონისტი მხატვარი, ახალი მოდერნისტული მიმდინარეობის წარმომადგენელი კონრად ფელიქსმიულერი (1897—1977), წევრი მიმდინარეობა ”მაგიური რეალიზმისა” რომლის ცენტრიც 20-იან წლებში მოუნხენი იყო. ისინი ემყარებოდნენ პირდაპირი ემოციური ზემოქმედების იდეას, დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ რეალობას და სურდათ, რომ იგი აღექვათ იდეალიზირებული, რომანტიული ფილტრების გარეშე. როგორც ამბობდნენ, მათ უნდოდათ ”სამყაროს არაადეკვატურობის ადეკვატური ასახვა და რეალობის არარსებობის რეალისტური დაფიქსირება”.

”ჩვენს კაბარეს თავისი მობრძანებით პატივი დასდო ცნობილმა მეცნიერმა _ ბუნებისმეტყველმა - პროფესორმა ოტტო კირნერმა”.

სავარაუდოდ უნდა იგულისხმებოდეს ცნობილი გერმანელი ექიმი და მეცნიერი (1858-1935).

”ძველი ქართველი დარდიმანდი - ვინმე გიორგი შერვაშიძე ან შაქრო მაღალაშვილი _ თუ შეამჩნევდა, რომ დასცვენოდა უმანკოების ფიფქი”

სავარაუდოდ იგულისხმება აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი გიორგი შერვაშიძე (1846 –1918) – მწერალი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა თანამოაზრე და თანამებრძოლი.

სავარაუდოდ უნდა იგულისხმებოდეს ლუარსაბ (შალვა) მაღალაშვილი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობის დროინდელი მეგობარი, რომელსაც უძღვნა მან თავისი ლექსი ”მტკვრის პირას” და რომელიც შემდეგ იყო თბილისის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი.
”12 საათზე გადავიფრენთ ჰაეროპლანით ქრისტიანიაში!..” ქრისტიანია ეწოდებოდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს 1924 წლამდე, მაგრამ აქ შესაძლოა იგულისხმებოდეს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის დამოუკიდებელი კვარტალი, სადაც განსხვავებული კანონები მოქმედებდა. იქ აკრძალული იყო ავტომობილით მგზავრობა, ძლიერი ნარკოტიკები და იარაღი, მაგრამ მსუბუქი ნარკოტიკები თავისუფლად იყიდებოდა.
”ბატონი ბრომლეი გთხოვთ, დღეს საღამოს საშუალება მისცეთ ”ორფეუმში” გადაგიხადოსთ წაგებული”. ორფეუმი წარმოსდეგება ბერძნული მითოსური პოეტისა და მუსიკოსის ”ორფეოსის” სახელიდან, რომელსაც შეეძლო თავისი ხელოვნებით ქვესკნელი და კლდეც კი მოეჯადოებია. ეს სახელი ხშირად ერქვა მუსიკალურ და გასართობ ადგილებს.
”ჟინმორეულმა დაავლო ხელები გველების თავებს , გადაივლო ყელზე და გადაივლო ყელზე...

გველის კულტი გავრცელებული იყო მთელს ინდოეთში. შივაიზმისთვის დამახასიათებელი იყო გველის მისტერიები. ფაკირის ფლეიტის ხმაზე გველები ასრულებდნენ რელიგიურ ცეკვებს.

სასიცოცხლო ენერგიის არხს ინდურ ფილოსოფიაში კუნდალინის უწოდებენ, რაც სანსკრიტის ენაზე გველს ნიშნავს.

კუნდალინი, კოსმიური ენერგია, გამოსახულია გველ შემოხვეული ქალის სიმბოლოთი.